Thursday, January 24, 2013

პიერ კარდენი “მაღალი მოდის ბაბუა”



                    

  ლეგენდა მოდის სამყაროში-პიერ კარდენი “მაღალი მოდის ბაბუა”, პიერ კარდენი, მოდის რევოლუციონერი და ყველაზე ცნობილი 5 ფრანგიდან ერთ-ერთია. მისი მოდელები საუკეთესო ჟურნალების გარეკანს უკვე 50 წელზე მეტია ამშვენებენ, ხოლო მისი სახელი კაპიტალის მიხედვით ევროპის საუკეთესო ათეულს ეკუთვნის. მისი მდიდრული პარიზული ოფისი საფრანგეთის პრეზიდენტის სასახლის პირდაპირაა და ამ სახლში, მარინის ქუჩაზე, უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია მუშაობს. მოდელიერი რომ გახდე, მოდელიერად უნდა დაიბადოო, ამბობს თვითონ… 
   პიერ კარდენი ითვლება მოდური ტენდენციის ერთ-ერთ განმსაზღვრელად. 1957 წელს მან, მოდელიერებიდან პირველმა, გამოიტანა ხალხში მზა ტანსაცმლის კოლექციის მთელი სერია და ჩვენებებi ჰაუსმანის ბულვარზე მოაწყო. მოგვიანებით მანვე მოაწყო რევოლუცია მრავალი მიმართულებით: პირველი: ავანგარდული სტილი. ვიწრო უსაყელო პიჯაკები, რომლებსაც სიამოვნებით ატარებდნენ “ბითლზები”. მეორეც, დაამკვიდრა ლიცენზირების სისტემა და კარდენის ტანსაცმლის წარმოება დაიწყეს იაპონიაში, ჩინეთსა და საბჭოთა კავშირშიc კი. ჯამში900 ლიცენზია, მსოფლიოს 140 ქვეყანაში და 200000 ადამიანი, რომელიც “Pierre Cardin”-ის მარკაზე წარმატებულად მუშაობდა. მესამე: ამ წელს მოდის ისტორიაში მამაკაცის სამოსის პირველი კოლექცია შეიქმნა.
    1970 წელს კარდენმა Theatre des Ambassadeurs შეიძინა და ერთგვარ კულტურულ კომპლექსად აქცია, სადაც მოთავსდა დარბაზი ჩვენებებისთვის, კინოთეატრი, სამხატვრო გალერეა და რესტორანი. მრავალი წლის წინ შეაგროვა თეატრალური დასი, რომელიც თანდათან პროფესიონალურ თეატრად ჩამოყალიბდა, ეს თეატრიც აქ დაბინავდა. ოცი წლის წინ რესტორან “მაქსიმში” ხიზილალის გასასინჯად შესულა, 1981 წელს ეს რესტორანი შეიძინა, 4 წლის შემდეგ კი იმავე სახელწოდების სუნამო გამოჩნდა. დღეს მისი ფირმის წლიური ბრუნვა 12 მილიარდს შეადგენს, მოგების თვალსაზრისით ასეთი მიღწევა მოდის სამყაროში ჯერჯერობით მწვერვალია. ძალიან ბევრი კონსტრუქცია, რომელიც სხვადასხვა დროს მსოფლიოს აღაფრთოვანებდა, სწორედ პიერ კარდენის მოგონილია: სწორი და ქვევით დავიწროებული კაბა-ტომარა, ქვედაკაბა-ტიტა, ჟაკეტი-ბუშტი – თეძოზე ქამრით რომ თავდებოდა, მეტალის სამშვენისები, კრინოლინები ვიწრო კაბებქვეშ და ა. შ.
  ლეგენდარულ დიზაინერს მიღებული აქვს შემდეგი სახის ჯილდოები: 1973 წელს Basilica Palladiana Award როგორც ყველაზე წარმატებულ ვენეციელს. 1977 წელს ,,ოქროს სათითე’’ ფრანგული haute-couture-ის ჯილდო როგორც ყველაზე კრეატიული კოლექციის ავტორი. იგივე ჯილდო მან ისევ მიიღო 1979 და 1982 წლებში. 1985 წელს საფრანგეთის პრეზიდენტმა მიანიჭა ღირსების ორდენი. 1991 წელს გახდა UNESCO-ს საპატიო ელჩი. 1997 წლის იანვარში მიენიჭა საფრანგეთის უმაღლესი ჯილდო. 
     პიერ კარდენმა ყველას ის აჩუქა, რაც მათ სჭირდებოდათ: კორეელები “შეაფერადა” (სამხრეთ კორეაში მის კოსმეტიკას უშვებენ); ვიეტნამელებს ფეხზე ჩააცვა, ტაივანელებისთვის სამგზავრო ჩანთები შექმნა, ფრანგებს სინთეტიკური საცვლები ბუნებრივი და ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან შექმნილით შეუცვალა, რუსებს ცნობილი რესტორანი “მაქსიმი” აჩუქა და ა. შ. სხვათა შორის, ძალიან მეგობრობდა ცნობილ რუს ბალერინასთან, მაია პლესეცკაიასთან: “ანა კარენინა”, “ქალი და ძაღლი”, “თოლია” – ყველა ამ სპექტალში ლეგენდარულ ქალბატონს პიერ კარდენის შექმნილი კოსტიუმი ეცვა, ყოველდღიურ გარდერობში და სადღესასწაულო სამოსშიც ხშირად კარდენის ქმნილებები ჰქონდა. ჟურნალი “Time”-ი წერდა: გონებამახვილმა ფანატიკოსმა შეძლო და მოახერხა ის, რომ მისი სახელი ფაქტიურად ყველაფერს ჰქვია, “რისი მიჭედება, მიწებება, მიკერება, მიბმა, ტირაჟირება თუ ბოთლებში ჩამოსხმა, დახურვა, გახსნა და გამოყენებაც შეიძლება”. კარდენის მარკის პროდუქციას 160 მილიონი ადამიანი იძენს, კარდენის იმპერიის საზღვრების დანახვა საფრანგეთის ყველაზე მაღალი მთიდანაც კი შეუძლებელიაო.


http://testa.at.ua/forum/5-46-1

No comments:

Post a Comment