Wednesday, December 5, 2012

ავთანდილი

ცნობილ დიზაინერ ავთანდილ ცქვიტინიძეს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა მაშინ მოუწია, როცა მისი თანატოლები და თვითონაც პურის უზარმაზარ რიგებში იდგნენ და ცოტანი თუ ახერხებდნენ საკუთარ მომავალზე ფიქრს. გაჭირვება არც ავთანდილს დაჰკლებია, მაგრამ მაინც სახავდა მიზნებს და შემდეგ ეძებდა გზებს მათ მისაღწევად. მისი ბიზნესი, სხვა მრავალთა ბიზნესის მსგავსად, მაშინ ჩაისახა, როცა ქვეყანაში ახალი ეპოქა იკიდებდა ფეხს, ახალი სახელმწიფო წყობა. ავთანდილსაც, ისე როგორც ბევრ მის თანამედროვე წარმატებულ პიროვნებას, ძველი ჩინური წყევლა აუხდა – გარდაქმნების პერიოდში გეცხოვროსო. მის პროფესიულ გზას სულ ერთმა წუთმა უცვალა გეზი და მას მერე ასე განაგრძობს სვლას. 
როცა წარსულზე ფიქრობს, ის შიმშილობის წლებიც ტკბილად ახსენდება, მაგრამ ყველაზე ბედნიერი მაინც მაშინაა, როცა აწმყოზე, ანუ თავის პატარა გოგონაზე საუბრობს. 
ბავშვი მდიდარი ოჯახიდან 
– ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა. შეძლებული ოჯახიდან ვარ, მე და ჩემს ძმას ბავშვობაში ყველაფერი გვქონდა, რაც მოგვინდებოდა. გურიაში ვიზრდებოდი. ხშირად მიფიქრია, უზრუნველი ბავშვობა რომ არ მქონოდა, ბევრად ადრე ვისწავლიდი ყველაფერს, ბევრად ადრე გავხდებოდი წარმატებული და ა.შ. მაგრამ რაც ხდება, ყველაფერი კანონზომიერია, ეს კარგად მაქვს გაცნობიერებული. ალბათ ყველაფერი ასე უნდა მომხდარიყო. 
ეგოისტი და გათამამებული ბავშვი არასოდეს ვყოფილვარ. თანაც იმ პერიოდში ისე ვერც გაანებივრებდი შვილს, როგორც ახლა მე ვათამამებ ანასტასიას. მაშინ იმას ვჯერდებოდით, რაც გვქონდა. ველოსიპედები გვყავდა და ყველა სათამაშო გვქონდა, რაც იმ პერიოდში იშოვებოდა. მამაჩემის მეგობრები ფულს გვჩუქნიდნენ ხოლმე და რაშიც გვინდოდა, იმაში ვხარჯავდით. ამ შემთხვევაში ბავშვი ნაკლებად ხედავს, რა პრობლემები შეიძლება არსებობდეს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ირგვლივ ნაკლებად იყვნენ გაჭირვებული ადამიანები. 
დაკარგული დრო 
– როცა პირველად მივედი სკოლაში, ძალიან მიხაროდა და მიყვარდა კიდეც, მაგრამ მერე ისე ხდება, რომ უკვე გეზარება ყოველ დილით ადგომა და სკოლაში წასვლა. ასაკოვანი ადამიანივით გამომდის, მაგრამ მერე და მერე აცნობიერებ, რომ ყოველი უქმად დაკარგული წუთის ანაზღაურება დიდ შრომად გიჯდება. ჩემს ბავშვობაში ნაკლები ყურადღება ეთმობოდა უცხო ენას, რუსულზე იყო აქცენტი გადატანილი. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისურზე დავდიოდი, ეს ენა მაინც არ იყო მნიშვნელოვანი და საბჭოთა ბავშვებს ვერც კი წარმოგვედგინა, რომ ოდესმე დაგვჭირდებოდა. 27 წლამდე ინგლისური არც დამჭირვებია. შემდეგ, როცა უკვე ინტენსიურად დავიწყე ინგლისურ ენაში მომზადება, ძალიან ვინანე, რომ ეს თავის დროზე არ გავაკეთე. 
სკოლის შემდეგ რაღაც პერიოდი მოსკოვში წავედი. შემდეგ ჩამოვედი თბილისში და ხელოვნების აკადემიაში დავიწყე სწავლა. მაშინ საქართველოში საშინელი პერიოდი იყო. არც შუქი იყო, არც წყალი, არც გათბობა... პურის რიგებში ვიდექით. 18–19 წლის რომ არ ვყოფილიყავით, ალბათ ამას ვერ გადავიტანდით. ერთმანეთს მხარში ვედექით. გურიიდან გვიგზავნიდნენ საჭმელს. და მაინც, ნებისმიერ სტუდენტობას ახლავს თავისი დადებითი ემოციები, მით უმეტეს, მხატვრების წრეში. მხატვრები განსაკუთრებული ადამიანები ვართ და სიდუხჭირეშიც შეგვეძლო დრო გაგვეტარებინა. მაშინ ყველაფერს მარტივად ვუყურებდი, მაგრამ იმ წლებს ახლა დაკარგულად ვთვლი. ხომ შეიძლებოდა, მაშინ სხვა ქვეყანაში ვყოფილიყავი და იქ მესწავლა? ახლა გაცილებით წინ ვიქნებოდი. 
სტუდენტობა კარგია, ბედნიერებასთან ასოცირდება, მაგრამ ჩემი სტუდენტობა მძიმე იყო. თან ის დრო დაემთხვა, როცა მამაჩემი ისე კარგად აღარ მუშაობდა და ფინანსური პრობლემებიც გვქონდა. პარალელურად ბავშვების მომზადებაც მიწევდა ხატვაში. საკმაოდ ადრეულ ასაკში დავიწყე საკუთარ თავზე დამოუკიდებლად ზრუნვა.
 მხატვრობიდან მოდამდე 
– ალბათ ძალიან ვინანებდი, სამედიცინო ინსტიტუტში რომ ჩამებარებინა. არადა ჩემს მშობლებს ძალიან უნდოდათ, ექიმი გავმხდარიყავი. მაშინ სერიოზულ პროფესიად ან ექიმობა ითვლებოდა, ან იურისტობა. ბავშვობიდან ვხატავდი, სამხატვრო სკოლაში დავდიოდი. ხშირად "ვისჯებოდი" იმიტომ, რომ თუ სადმე შეჯიბრება ეწყობოდა ამ კუთხით, თუ სკოლის კედლები იყო მოსახატი, ან რამე გაზეთისთვის ნახატი უნდოდათ, ყველგან მე მიძახებდნენ. ძალიან ბევრი სიგელი და დიპლომი მაქვს. 
მოდელირება ჩემს ცხოვრებაში გვიან შემოვიდა. ოდესმე აუცილებლად დავუბრუნდები ფერწერას, დღეს უბრალოდ საამისოდ დრო არ მრჩება. ჩემს საქმეს დიდი დრო მიაქვს. ყოველ თვეში ათი–თხუთმეტი დღე მაინც პარიზში ვარ. ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუკი შვილი გააგრძელებს ჩემს პროფესიას, თან უფრო პროფესიონალურ დონეზე. 
24–25 წლის ასაკში სერიოზულად დავიწყე ზრუნვა, რომ ამერიკაში ან სხვა ქვეყანაში წავსულიყავი სასწავლებლად, მაგრამ ალბათ ძალიან კარგია, რომ ასე არ მოხდა. შეგნებულად დავიწყე კარიერის აწყობა საქართველოში. რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო, მაგრამ დღეს ვხვდები, რომ ნებისმიერი სირთულე ადამიანს ზრდის. მე არ განვეკუთვნები იმ კატეგორიას, კრიტიკას ან ადამიანებისგან არასწორ დამოკიდებულებას ტრაგედიად რომ აღიქვამენ. ჩემთვის ნებისმიერი წარმატება თუ წარუმატებლობა ცხოვრებაში დიდი სტიმულია. 
ჩემი სტუდენტობისას რადიო ძალიან პოპულარული იყო. ის ჩვენს ცხოვრებაში სიახლე იყო. ერთხელაც მოვისმინეთ შოკისმომგვრელი ინფორმაცია – თბილისში ავანგარდული მოდის ასამბლეა ტარდებოდა. მხატვრებს, დიზაინერებს, მოდელირების ფაკულტეტის სტუდენტებს იწვევდნენ კასტინგზე. მეც სულ მინდოდა, რომ რაღაც სხვა გამეკეთებინა, ვიდრე ორი გედისა და შუაში შადრევნის დახატვა და შემდეგ ამ ნახატის გაყიდვაა. ამით არავის ვაკნინებ, ეს ადამიანის არჩევანი და სურვილია. ვთვლი, რომ ისინი უფრო ძლიერები არიან. მე კი უფრო მეტი პრეტენზია მქონდა ცხოვრებაში. სხვა განხრით მინდოდა საკუთარი თავის პოვნა. წავედი კასტინგზე, დავხატე ესკიზები და ჩემი კოლექცია – ფერწერა მოდელირებაში – განსხვავებული აღმოჩნდა. ჯოკონდა, ნატურმორტები, გრაფიკა – ყველაფერი ავიღე და ტანსაცმელში გადავიტანე. ძალიან მოეწონათ და ამირჩიეს. 
ჩვენება ღია ცის ქვეშ ჩატარდა და მთელი თბილისისთვის ეს მოვლენა იყო. ვერ აგიწერთ, ხალხის რა რაოდენობა ესწრებოდა. ჩვენთვის ეს ყველაფერი იყო. მაშინ გამოჩნდნენ პოდიუმზე "მის საქართველო", ულამაზესი ნინო სალუქვაძე, ნათია შელეგია. 13–14 წლისანი იყვნენ ნათია მაქაცარია, თაკო ჩხეიძე, ამ ორმეტრიანმა ბავშვებმა მაშინ გადადგეს პოდიუმზე პირველი ნაბიჯები. ჩვენ ვირჩევდით, თუ ვინ უნდა გასულიყო პოდიუმზე. არაჩვეულებრივი პერიოდი იყო, ძალიან კარგად მახსენდება, რადგან ეს იყო პირველი შეჯახება მასშტაბურ კულტურულ ღონისძიებასთან. მერე რეჟისორული ნიჭიც აღმომაჩნდა. დავდგი, რა და როგორ უნდა ყოფილიყო, ფროდიჯის მუსიკის ფონზე გავაკეთე ჩვენება. გრან პრი ვერ ავიღე, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა ახალი ინტერესი – მოდელირება. 
დადგა ის ბედნიერი პერიოდი, როცა მოდის აღორძინება დაიწყო. ჩვენებებმა კლუბებში გადაინაცვლა. მაშინ ერთი–ორი კლუბი თუ მოიძებნებოდა თბილისში. იყო ცეკვები და შუაში იყო ჩვენება. წარმოიდგინეთ, იყო სიმღერა და თან მოდა. ხალხი შოკში იყო. ეს ყველაფერი ძალიან ახალი და უცხო გახლდათ... 
დღეს ჩემი პროფესია ჩემი ცხოვრებაა. ძალიან ბევრი ვიშრომე იმისათვის, რომ ავთანდილი გავმხდარიყავი. ჩემთვის მარტო პოპულარულობა არ იყო მნიშვნელოვანი. ყოველთვის ძალიან მინდოდა, ვყოფილიყავი დაფასებული პიროვნება, სასურველი სტუმარი, სასურველი ადამიანი, სასურველი რესპონდენტი და ა.შ. ადამიანებში არასოდეს ვიწვევდი აგრესიას. ეს ალბათ ჩემი ბუნებიდან გამომდინარეა. მივდიოდი რისკებზეც. მე ვიყავი ერთ–ერთი პირველი დიზაინერი, რომელმაც ფაბრიკებთან დაიწყო მუშაობა. სამი–ოთხი წელი ქუთაისის ფაბრიკაში იმდენი ვიარე, რომ ყველას ამ ქალაქის მკვიდრი ვეგონე. ძალიან შემიყვარდა ქუთაისელები, თავიანთი იუმორით, ცხოვრების წესით. 
დავიწყე წარმოება. პატარა ლაბორატორიაში ვაკეთებდი მოდელებს და მერე მაღაზიებში ვაბარებდი, ვცდიდი, რამდენად პროდუქტიული იქნებოდა, რა რეაქცია მოჰყვებოდა. ექსპერიმენტებს ვაკეთებდი. კითხულობდნენ: "ვინ არის?". ქართველი დიზაინერიაო, რომ პასუხობდნენ, ჩნდებოდა კითხვები: "ეს რას ნიშნავს? ქართველი თუა, შეიძლება ვიყიდო? კარგი და ხარისხიანი იქნება?". ასე რომ, ქართული მოდის აღორძინებაში ერთი აგური მე მაქვს ჩადებული, თან საკმაოდ რთულ პერიოდში. სარისკო იყო მაღაზიის გაკეთებაც, მაგრამ მაინც შევძელი და პლეხანოვზე გავაკეთე პატარა მაღაზია. ხალხს ეს მოეწონა და მეც ძალიან ბედნიერი ვიყავი. იმ პერიოდში დაიწყო შოუბიზნესმა აღორძინება. ლელა წურწუმიას, აჩიკო მეფარიძის კონცერტებისთვის ვაკეთებდი კოსტიუმებს. პრესამაც დაიწყო ჩვენნაირი ადამიანების გაშუქება, ანუ შოუბიზნესის წარმომადგენლების (ჟურნალი "სარკე" პირველი იყო, რომელიც ამ ყველაფერზე წერდა. ავტ.). მაშინ წამოვიდა ჟურნალისტების ახალი ტალღაც და ბევრი სიახლე გაჩნდა. 
   ლამაზი ქორწილი 
– ბავშვობიდან ვათვალიერებდი გოგოებს. 5 წლის ვიყავი, შიშველ ქალებს რომ ვხატავდი და დედაჩემი გაგიჟებული იყო, რატომ ხატავო. ხან მერხებზე ვხატავდი, ხან – ტილოზე. ცოლი 30 წლის ასაკში მოვიყვანე. რა თქმა უნდა, ჩემს ცხოვრებაში იყო სხვა გატაცებებიც, მაგრამ, როცა ხათუნა მოვიყვანე ცოლად, მაშინ მივხვდი, რომ მართლა პირველად შემიყვარდა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ის ჩემ გვერდითაა. 
საოცარი ქორწილი გვქონდა. ჩვენი ქორწილი თბილისის რეალობაში ერთ–ერთი აქტუალური თემა იყო. ყველა ჟურნალის გარეკანზე ჩემი და ხათუნას ქორწილის ფოტოები იყო დაბეჭდილი. იყო ექსკლუზივები. ხმაურიანი ქორწილი გვქონდა, რადგან ასეთი ცნობილი ოჯახის შვილი (ხათუნა თოთლაძე. აწ გარდაცვლილი მილიონერის, ბადრი პატარკაციშვილის დისშვილი. ავტ.) მოვიყვანე ცოლად მე, ცნობილმა დიზაინერმა. ხათუნასა და ჩემს ჩაცმულობაზე თავად ვიზრუნე. ქორწილი ქალაქგარეთ, წავკისში, რესტორანში გადავიხადეთ, სადაც მთელი "არტ იმედი" მღეროდა. ფანტასტიკური დრო გავატარეთ. მანამდე მოხუცებულთა სახლში მივედით და იქ გავაკეთეთ სუფრა. ეს ბადრი პატარკაციშვილის იდეა იყო. ძველებური მანქანებით წავედით. მერე ბავშვთა სახლშიც ვიყავით და საჩუქრები დავარიგეთ. ბავშვები ბედნიერები იყვნენ, რომ დედოფალი ნახეს. მერე რიტუალების სასახლეში დიდი ზეიმი გვქონდა ღია ცის ქვეშ და შემდეგ გავეშურეთ ქალაქგარეთ, რესტორნისკენ. ეს იყო ტრადიციული ქორწილი, თავისი ჩურჩხელების ამოვლებით, თეფშების გატეხვითა და ცეკვით. ვიცეკვეთ ვალსი, რადგან საქორწინო კაბამ ხათუნას ქართულის ცეკვის საშუალება არ მისცა და მეც "გადავრჩი",Öხელის გაშლა არ მომიწია. 
სიყვარულზე ბევრს არაფერს ვიტყვი, რადგან არ მიყვარს საჯაროდ ამაზე ლაპარაკი. შემდგარი ოჯახი და თითით საჩვენებელი წყვილი ვართ. ეს ჩემთვის დიდი ბედნიერებაა. 
ანასტასია 
– ზოგჯერ ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ჩემი ცხოვრება ანასტასიას დაბადებიდან მახსოვს. ხანდახან მე და ხათუნას გვიკვირს, მანამდე რას ვაკეთებდით და როგორ ვარსებობდით, სანამ ანასტასია გვეყოლებოდა. მართლა არ ვიცი, როგორ ვცხოვრობდით ამ არსების გარეშე. ალბათ ყველა მშობელი ასე ფიქრობს. მშობიარობას დავესწარი, ხათუნას გვერდით ვიყავი. 
ანასტასია წელს შევიდა ეგზიუპერის ფრანგულ სკოლაში. ძალიან გვინდოდა, ფრანგულ სკოლაში ესწავლა, რადგან ადრე თუ გვიან ჩვენს ცხოვრებას მაინც პარიზს დავუკავშირებთ. გარდა ამისა, ინგლისური და რუსული ბავშვმა უკვე კარგად იცის. ამიტომ, ჯობია, რომ ისეთი რთული ენაც აითვისოს, როგორიც ფრანგულია. დღეს ერთი და ორი ენის ცოდნა საკმარისი არ არის. 
ანასტასიასთვის არ მომითხოვია, რამე დაეხატა. ეს თვითონ გადაწყვიტა და არაჩვეულებრივადაც ხატავს. გაცილებით უკეთესად, ვიდრე მისი ასაკის ბავშვები. გუაშს და აკვარელს არაჩვეულებრივად ფლობს, საოცარი ფერები გამოჰყავს. ასევე ძალიან კარგად ხატავს ტანსაცმელს. კონტრასტულ ფერთა შეხამებებს აკეთებს, რომელიც ცოტა სარისკოც არის, მაგრამ შესანიშნავად გამოსდის. კომპიუტერში აცმევს ბარბის თოჯინებს თავის შექმნილ სამოსს. ბავშვობაში არც დამესიზმრებოდა, რომ ამგვარი რამ შეიძლებოდა არსებულიყო – კომპიუტერით დახატვა, სამოსის შექმნა. ანასტასია ბედნიერია, როცა ჩემს სახელოსნოში მოდის, აკვირდება მკერავებს. ნაადრევია რამის თქმა, მაგრამ გამიხარდება, თუ ჩემს პროფესიას გააგრძელებს. ის ერთპიროვნული ლიდერია. უნდა, ყველაფერი პირველმა გააკეთოს. მე ასეთი თამამი არ ვიყავი. რა თქმა უნდა, ერთ შვილზე არ გავჩერდებით, მაგრამ ეს უფლის ნებაა. 








განათლება
- 1990-1995 
საქართველოს სამხატვრო აკადემია
პროფესიული გამოცდილება
- 2000 
წლიდან – მოდის სახლი “ავთანდილი”,მთავარი დიზაინერიდირექტორი
- 1997-2000 – 
სამკერვალო ფაბრიკა “იმერეთი”,დიზაინერი
გამოფენები და ჯილდოები
ოქტომბერი, 2009 – ყაზახეთის მოდის კვირეული,ალმა-ატაგაზაფხული-ზაფხული 2010
ოქტომბერი, 2009 – თბილისის მოდის კვირეული,საქართველოგაზაფხული-ზაფხული 2010
ოქტომბერი, 2009 – კიევის მოდის კვირეული,უკრაინაგაზაფხული-ზაფხული 2010
მარტი, 2009 – კიევის მოდის კვირეულიუკრაინა.შემოდგომა-ზამთარი 2009-2010
დეკემბერი, 2008 – საახალწლო ფესტივალიმეიდანზეთბილისი
ოქტომბერი, 2008 – კიევის მოდის კვირეული,გაზაფხული-ზაფხული 2009
ივნისი, 2008 – პეკინის ოლიმპიადის გახსნისა დადახურვის ცერემონიალებისათვის საქართველოსნაკრების ჩაცმულობა
მარტი, 2008 – ათენის მოდის კვირეული,შემოდგომა-ზამთარი 2008-2009
ოქტომბერი, 2007 – ათენის მოდის კვირეული,გაზაფხული-ზაფხული 2008
სექტემბერი, 2007 – გამოფენა “TRAIN” .ნიუ-იორკიაშშ
აგვისტო, 2007 – საქართველოს რაგბის ნაკრებისჩაცმულობა მსოფლიო ჩემპიონატის გახსნისა დადახურვის ცერემონიალებისთვისსპორტულიტანსაცმლის ესკიზები
აპრილი, 2007 – დუბაის მოდის კვირეული,შემოდგომა-ზამთარი 2007-2008
მარტი, 2007 – ათენის მოდის კვირეული,შემოდგომა-ზამთარი 2007-2008
მარტი, 2007 – კიევის მოდის კვირეული,შემოდგომა-ზამთარი 2007-2008
დეკემბერი, 2006 – “Night office”, თბილისი
ოქტომბერი, 2006 – ათენის მოდის კვირეული,გაზაფხული-ზაფხული 2007
ოქტომბერი, 2006 – კიევის მოდის კვირეული,გაზაფხული-ზაფხული 2007
მაისი, 2006 – “May Fashion”, მოსკოვი
მარტი, 2006 – მოსკოვის მოდის კვირეული,შემოდგომა-ზამთარი 2006-2007
მარტი, 2006 – კიევის მოდის კვირეული,შემოდგომა-ზამთარი 2006-2007
დეკემბერი, 2005 – მოსკოვის მაღალი მოდისასოციაციის საპატიო წევრობა
ოქტომბერი, 2005 – მოსკოვის მოდის კვირეული,გაზაფხული-ზაფხული 2006
სექტემბერი, 2005 – კიევის მოდის კვირეული,გაზაფხული-ზაფხული 2006
ივლისი, 2005 – მოდის ჩვენებარომი
მაისი, 2005 – “May Fashion”, მოსკოვი
მარტი, 2005 – მოსკოვის მოდის კვირეული,შემოდგომა-ზამთარი 2005-2006
დეკემბერი, 2004 – წლის საუკეთესო დიზაინერი,საქართველო
ოქტომბერი, 2004 – რუსეთის მოდის კვირეული,გაზაფხული-ზაფხული 2005
მარტი, 2004 – რუსეთის მოდის კვირეული,შემოდგომა-ზამთარი 2005-2006
მარტი, 2003 – რუსეთის მოდის კვირეული,შემოდგომა-ზამთარი 2004-2005, “კვირეულისაღმოჩენა
- 2003 – “
აზიური ღამე”. თბილისი
- 2002 – “
მარლენ დიტრიხი”, თბილისი
- 2002 – “
ქალი წარსულიდან’, თბილისი
- 2001 – “
ესპანური ბაზარი”, თბილისი
- 1999 – “Sheraton Metechi Palace”, 
თბილისი
- 1996 – 
კავკასიის დიზაინერთა ფესტივალიბაქო,გრან-პრი
- 1995 – 
მოდის ფესტივალი “ამა”, თბილისი




No comments:

Post a Comment