Thursday, January 24, 2013

მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი..


                          მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი..

  ამერიკელი მწერლის, ქრისტოფერ მორლის აზრით, ქუსლიანი ფეხსაცმელი გამოიგონა ქალმა, რომელსაც ხშირად ჰკოცნიდნენ შუბლზე. სინამდვილეში, ქუსლიანი ფეხსაცმლის შექმნის იდეა ორლეანის ჰერცოგის მეუღლეს, ეკატერინე მედიჩის ეკუთვნოდა. 1533 წელს მან სპეციალურად შეუკვეთა რამოდენიმე ფეხსაცმელი ქუსლზე, რათა უფრო მაღალი გამოჩენილიყო და შთაბეჭდილება მოეხდინა საფრანგეთში, მომავალ მეფე ჰენრისთან ქორწინებისას. მისი ფეხსაცმელი ხის პლატფორმაზე იდგა. ქუსლიანი ფეხსაცმელი მალე გახდა მოდური მაღალ საზოგადოებაში. სასაცილოა, მაგრამ ევროპის მაღალი საზოგადოება ზედმეტადაც კი „ამაღლდა“ და მე–17 საუკუნეში მხოლოდ მათ ჰქონდათ უფლება ჩაეცვათ 6 დუიმის სიმაღლის მქონე ფეხსაცმელი, რაც 15.24 სანტიმეტრს უდრის. გადაადგილებისას კი ორივე მხარეს იყენებდნენ მსახურებს, რათა სიარულისას დაყრდნობოდნენ.
   ეკატრინე მედიჩის ქალის მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის შემქნის იდეას მიაწერენ, თუმცა მიიჩნევა, რომ რომ ქუსლის პროტოტიპი საფრანგეთში მეთექვსმეტე საუკუნის დასაწყისში გაჩნდა. იმ დროისთვის ფეხსაცმლის ხელოსნები საცხენოსნო ფეხსაცმელს პატარა ქუსლს უკეთებდნენ, რაც ცხენზე ჯდომას უფრო კომფორტულს ხდიდა. ვინაიდან საფრანგეთში ცხენზე ჯირითი კაცების პრივილეგია იყო, პირველი ქუსლიანი ფეხსაცმელიც სწორედ მათთვის შეიქმნა. საუკუნის შემდეგ მაღალი საზოგადოების წარმომად
გენელი მამაკაცებისთვის ქუსლიანი ფეხსაცმელი ყოველდღიურ ხმარებაშიც გავრცელდა.    

   იმ დროისათვის მამაკაცის ფეხსაცმლის ქუსლის სიმაღლე 6-8 სანტიმეტრს აღწევდა. არავინ დავობს, რომ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ქალს ბევრად ქალურს, მიმზიდველსა და სექსუალურს ხდის. თუმცა, არის კიდევ რამოდენიმე შეუმჩნეველი მიზეზი, რის გამოც ქალები მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ანიჭებენ უპირატესობას: ქუსლი ქალს სიმაღლეს მატებს. კარგად არჩეული ფეხსაცმელი ვიზუალურად აგრძელებს ფეხს. მაღალ ქუსლებზე სიარულისას ქალი ძალაუნებურად გამართული დადის. რაც უფრო მაღალია ქუსლი, მით პატარაა ნაბიჯი, რაც სიარულის მანერას უფრო ქალურს ხდის. მაღალ ქუსლებზე სიარულისას ქალი იძლებულია შეინარჩუნოს წონასწორობა, რაც ძალაუნებურად იწვევს თეძოების მაცდუნებელ მოძრაობას.

   მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის უარყოფით მხარეებზეც ხშირად საუბრობენ. მაგალითად მოჰყავთ სტატისტიკა, რომ ქალებს დახლოებით 4–ჯერ მეტი პრობლემა ექმნებათ ფეხებზე, ვიდრე მამაკაცებს. ბრტყელძირიან ფეხსაცმელზე სიარულისას ადამიანის სხეულის მთელი წონა თანაბრად ნაწილდება ტერფზე და არ იწვევს მისი რომელიმე ნაწილის ზედმეტად გადატვირთვას. როდესაც ჩვენ ქუსლს გარკვეულ სიმაღლეზე ვანთავსებთ, ფეხის თითები დიდ დაწოლას განიცდიან. დამტკიცებულია, რომ 2-3 სანტიმეტრიან ქუსლებზე დადგომითაც კი ფეხის თითებზე დაწოლა 22%-ით იზრდება. ხოლო როდესაც ქუსლის სიმაღლე 6-7 სანტიმეტრს აღწევს, დაწოლა ორმაგდება. ძნელი წარმოსადგენია, თუ როგორ უძლებენ ტერფის ძვლები ასეთ დატვირთვას. მაღალმა ქუსლმა შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი უსიამოვნებები: გამაგრებები, სოკოვანი დაავადებები, ფეხის თითების გამსხვილება, ტერფის ფარული ბზარები, მუხლის ართრიტი და ა.შ. მიუხედავად მედიკოსების მსგავსი პროგნოზებისა, ძნელი იქნება მსოფლიოს ქალებს აზრი შეაცვლევინონ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელზე, რადგან ქალი მაღალ ქუსლზე უფრო თავდაჯერებულად, ქალურად და სექსუალურად გრძნობს თავს.
  



      რამოდენიმე საინტერესო ფაქტი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის შესახებ: ახლო აღმოსავლეთში ქუსლები ფეხსაცმელს იმისათვის დაუმატეს, რომ ფეხი მწველი ქვიშისგან უფრო უკეთ დაეცვათ მე–16 მე–17 საუკუნის ევროპაში ფეხსაცმლის ქუსლი ყოველთვის წითელი იყო. ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევის თანახმად, ქუსლიანი ფეხსაცმლის ტარებას 12 წლის ასაკში იწყებენ და დაახლოებით 63 წლის ასაამდე ატარებენ. ფილიპინების ყოფილი პირველი ლედის, იმელდა მარკოს, საკუთრებაში 1200 წყვილი ფეხსაცმელია. მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის გაფეტიშებას ალტოკაციფილიას უწოდებენ. გინესის მსოფლიო რეკორდების მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი 155 სმ–ის სიმაღლისაა.

http://knuti.wordpress.com/2011/02/01/high-heels/

No comments:

Post a Comment